25 ნოემბერი 2024,   22:03
ვრცლად
13 საათიანი ოპერაცია და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი 2 წლის ლაზარე - პიტბულის დაკბენილი მცირეწლოვანი ექიმების დაკვირვების ქვეშაა

13 საათიანი ოპერაცია და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი 2 წლის ლაზარე - პიტბულის დაკბენილი მცირეწლოვანი ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. სამედიცინო პერსონალმა გურიიდან თბილისში, რეანიმობილით გადმოყვანილი ბავშვის ნახვის შემდეგ ემოციები ვერ დამალა. ექიმებმა თქვეს, რომ მათ ასეთი ჭრილობა არასოდეს უნახავთ. ჩატარდა ქსოვილის გადანერგვის ოპერაცია და თავის ქალის 2/3 დაიფარა. წინ კიდევ ერთი მძიმე ოპერაციაა. სახელმწიფომ პატარა ლაზარეს მკურნალობა სრულად დაუფინანსა.

ამ შემთხვევის პარალელურად, სოციალური ქსელით ეძებდნენ არასრულწლოვანს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა. ცხოველს ცოფი ჰქონდა და მოკვდა. ცოფი ინფექციური დაავადებაა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში, ყოველთვის სიკვდილით სრულდება, გადარჩენის ერთადერთი გზა კი ვაქცინაა.

2 წლის ლაზარე სახლში დაბრუნებას მატარებლით გეგმავს, მაგრამ მანამდე თბილისში ის უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმობილით ჩამოიყვანეს. მიზეზი ძაღლის ნაკბენი იყო. ბავშვს თავზე უპატრონოდ გაშვებულმა პიტბულის ჯიშის ძაღლმა უკბინა.

შემთხვევა 15 დეკემბერს, გურიის სოფელ მერიაში მოხდა. მაშინ, როდესაც ბავშვები ბაღიდან ბრუნდებოდნენ, სანამ ლაზარეს სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებებს მიაყენებდა, ძაღლმა მის 5 წლის ძმას უკბინა.

შემთხვევიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მცირეწლოვანს 13 საათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ძაღლს, ის შემთხვევის შემდეგ ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს. ახლა ცხოველი დაკვირვების საკარანტინე პერიოდს გადის.

ამ შემთხვევის პარალელურად, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია არასრულწლოვანის ძებნის შესახებ, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა. ძაღლი მკვდარი იპოვეს, ლეშის გაკვეთის შემდეგ კი ცოფი დაადგინეს.

ცოფისგან, როგორც ცხოველის, ისე ადამიანის დაცვა მხოლოდ ვაქცინით არის შესაძლებელი. ეს ლეტალური დაავადებაა. შეიძლება ცოფი გამოირიცხოს, მაგრამ ლეტალური აღმოჩნდეს მებრძოლი ძაღლის თავდასხმაც. ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ ადამიანებს, არ აიღონ მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, თუკი ასეთი ჯიშების მოვლა და გაწვრთნა არ შეუძლიათ.

ძაღლი ადამიანის მეგობარია - ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ოთხფეხა მეგობარს სჭირდება შესაბამისი მოვლა, რომ როგორც 2 წლის ლაზარეს შემთხვევაში, უპასუხისმგებლო პატრონის მიერ სახლიდან გაგდებულმა საფრთხეში არ ჩააგდოს სხვისი სიცოცხლე.

ამჯერად შემთხვევას, რომელმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა, კეთილი დასასრული აქვს.

დღის ამბები