25 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით - ენმ-ის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზია - მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას გუნდმა სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანა მოითხოვა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტია "საქართველოსთვის" წევრები რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

"გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით. ამიტომაც პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელობა და არც ის იქნება გასაკვირი, რომ მისი დასახიჩრება, დასჯა, უფრო მკაცრი მეთოდებით რომ მოითხოვონ და თვალების დათხრა რომ მოითხოვონ ამ ადამიანებმა. მით უმეტეს, ადამიანური თვალსაზრისით, პატიმრის დაბადების დღეზე, მის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში და რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია "საქართველოსთვის" განცხადება არის მავნებლური, რასაც პოლიტიკური პროცესების დაძაბვა მოჰყვება.

"პარტიული ლიდერები არ არიან ექიმები და მათ არ აქვთ უფლება იმსჯელონ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალიან მავნებლური და არაჰუმანური განცხადებაა, განხეთქილების ელემენტები შემოაქვს ოპოზიციაში," - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები