25 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პროცესში და დავიწყოთ შრომა ევროპული მომავლისთვის - ოპოზიციის ნაწილი კონსტუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ მას ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები და იმ 9 დათქმის შესრულება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მისცა.

"ზეიმისა და სიხარულის დილა გათენდა დღეს. უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს ზეიმის დღეა, თუმცა, ხვალიდან ქვეყანამ უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპი გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება იყოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით კი, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა და დროა პოლიტიკურმა სპექტრმა სერიოზული სამუშაო გაწიოს, რაც, პირველ რიგში, რეფორმების შესრულებასა და პოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები