25 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ კოლეგებს მიმართა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ გამოიყენონ ტერმინი - "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები"

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის დეპუტატებთან, საგარეო და ევროკავშირის საკითხებზე მომხსენებლებთან: კნუტ აბრაჰამთან (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) და ქრისტიან პეტრისთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია) შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე. ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის მომავალი გაფართოების პროცესში.

გერმანელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო წარმოადგენს ახალი ევროპული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობას.

შეხვედრებისას, ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი გერმანიის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოხსენიებული იქნას როგორც "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები."

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ბუნდესტაგში არსებულ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დეპუტატებთან და წამყვანი გერმანული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.

დღის ამბები