25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
უნგრეთში, უკრაინასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას - ირაკლი კობახიძე

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის დათქმების შესრულება იყო.

ეს არის საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელზეც დეპუტატებს პოლიტიკური დებატების გამართვა შეუძლიათ. ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება არა ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურებაა.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ, ხალხის ნების პარალელურად, რომელმაც ნდობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გამოუცხადა, მმართველმა გუნდმა რეფორმების გზაზე დიდი ძალისხმევა გასწია, რაც ევროკომისიამაც აღიარა.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს მათი მყარი პოზიციაა.

"ჩვენ ვიზიტის დროს უნგრეთში, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ, რა თქმა უნდა, უნგრეთი ზოგადად არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის მყარი პოზიცია. გარდა ამისა, უნგრეთის პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან - დათქმებით, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაიხსნას. შარშანაც სამივე ქვეყანა ერთ კალათში იყო, გახსოვთ. სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ერთ კალათში განიხილებოდა, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს - არა. მაშინაც ერთი კალათი იყო ამ გაგებით, არავითარი განსხვავება არ არის წელს. რატომ არავინ გააპროტესტა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ის, რომ ერთი კალათიდან საქართველო სრულად უსამართლოდ ამოიღეს? ახლა რატომ საუბრობენ ასეთი დაჟინებით იგივე ადამიანები, რომ მაინცდამაინც ერთ კალათში უნდა იყოს განხილული ჩვენი და სხვა ქვეყნების საკითხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები