2023 წლის მიმდინარე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 5 - დააკავეს, - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგონასთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ლ.შ. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში 3 პირი ამხილა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ „facebook messenger“-ის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა.
უწყების ცნობით, დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.
"რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 199, სადაც ყველა დაზარალებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ან მიმართოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.