პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას გუნდიდან წასვლასა და სხვა თანმდევ პროცესებს "ნაცმოძრაობის" ელექტორატზე გავლენა არ ექნება.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ბოლო 9 თვის განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაზიანებას.
"მთელი ამ 9 თვის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამალებული კამპანია და ლოგიკური შედეგით დამთავრდა. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო მათი სტრატეგია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ პარტიისათვის მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინათ და შემდეგ გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ.
ასეთი ფაქტები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ გამოუღია. ყოველთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა ასეთი ფაქტებიდან. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს შესაბამისი კვლევები, შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაცია და მერწმუნეთ, ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, 9 თვიანი კამპანიის დაგვირგვინების სახით, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობა" დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.