"ცაჰალი" ღაზის სექტორს ინტენსიურად უტევს. ისრაელელმა სამხედროებმა ხან-იუნისში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს. ისრაელი თანახმაა დაუშვას ღაზაში დამატებითი საწვავის "მინიმალური" რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კოლაფსი და ეპიდემიები.
ამავე დროს, გაეროს გენერალურმა მდივანმა გააფრთხილა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და მოუწოდა მათ ყველაფერი გააკეთონ ამ "კატასტროფის" თავიდან ასაცილებლად. ანტონიო გუტიერეშის თქმით, შეიძლება, ეპიდემიები გავრცელდეს და გაიზარდოს ზეწოლა მეზობელ ქვეყნებში მასობრივი გადასახლებისთვის.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, მხარი დაუჭირონ გუტიერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.