25 ნოემბერი 2024,   22:05
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილს ბათუმშიც აუჯანყდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს - მოქმედი თავმჯდომარე კი პარტიულ კრიზისზე კომენტარს აღარ აკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რაიონული ორგანიზაცია პირველია, სადაც პარტიის ახალ მენეჯმენტთან დარჩენას წასვლა არჩიეს. მელია-ხაბეიშვილის გუნდებს შორის თანამშრომლობის რესურსი ამოწურულია. პარტიის რიგებიდან მათი გასვლა ბათუმის საკრებულოში, 13 კაციანი ფრაქციიდან 7-ის წასვლასაც ნიშნავს.

ხაბეიშვილის ფრთა უკვე ყოფილ თანაგუნდელებს გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ დამაზიანებელ განცხადებებს პარტიის დატოვება ჯობია. ჯერ კიდევ პარტიის მოქმედი წევრები "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას არ გამორიცხავენ.

მელიას მხარდამჭერები არ მალავენ, რომ პარტიაში დაპირისპირება, შესაძლოა გაყოფით და ახალი ორგანიზაციის შექმნით დასრულდეს. მელიას მომხრეების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ ხაბეიშვილის ფლანგში.

ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, პარტიაში მიმდინარე პროცესს კვიპროსის კლუბის სცენარს უკავშირებს. ამბობს, რომ თანამდებობიდან ისიც განსხვავებული აზრის გამო გადააყენეს.

ფოთთან ერთად ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების დიდი ნაწილი. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე პარტიულ კრიზისზე კომენტარს აღარ აკეთებს.

ახალი მენეჯმენტის წევრები ყოფილ თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად აღარ თვლიან. მმართველი პარტიისთვის კი, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესი, პოლიტიკაზე ოლიგარქის მავნე გავლენაა.

სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიის მომავალი მისი დაშლაა. აჭარის რაიონული ორგანიზაცია სავარაუდოდ ერთადერთი არ იქნება ვინც, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აპირებს. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში მათ რიგებს სხვა რაიონებიც შეუერთდნენ.

დღის ამბები