25 ნოემბერი 2024,   22:05
ვრცლად
ენმ-ში არსებული კრიზისის ფონზე, მელიას მხარდამჭერები ახალი პლატფორმის შექმნაზე საუბრობენ

"ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილი კრიზისის ფონზე, ნიკა მელიას მხარდამჭერები ახალი პლატფორმის შექმნაზე საუბრობენ. მეტ დეტალს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ პროცესი დაწყებულია და მას გუნდის სხვა წევრებიც შეუერთდებიან.

“ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, გახდეს უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, ახალი პარტიის დაბადების პროცესი, სავარაუდოდ, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, არ ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას, ვაპირებთ ბრძოლას სხვა პლატფორმიდან და ეს იქნება ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიერთებას,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი დავით ლაგვილავა.

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს და მოქმედი თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. ლევან ხაბეიშვილის ფლანგში კი აცხადებენ, რომ პარტიის დამაზიანებელი განცხადებების ნაცვლად, ჯობია ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებულმა მხარეებმა, საკუთარი სივრცე ეძებონ.

„დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ. არ მგონია, რომ აჭარაში, ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ესენი ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგისა, რომელიც ბათუმსა და აჭარაში იდებოდა. ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა" არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია, ეს არის თავისი ამომრჩევლების პარტია. რომ გაგახსენოთ, 2016-ში, საერთოდ, 21 ლიდერი წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ, სად არიან ახლა ეს ადამიანები,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე.

მათივე თქმით, ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით პარტიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება არის გაუგებარი, ნაჩქარევი, ემოციური, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილმა მოუწოდა ყველას გაერთიანებისკენ, დაწერა ერთობის მანიფესტი, როდესაც მან თქვა, რომ არავინ არ უნდა დაადგეს ე.წ. განულების გზას. როდესაც თან გაიღო პოლიტსაბჭოს კარი მაქსიმალურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ცოტა აუხსნელი, ემოციური და, ალბათ, არასწორი. პარტიის ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს საკითხი არის დახურული. მე არანაირი დოკუმენტი ნიკა მელიას ჩარიცხვის შესახებ არ მინახავს, ისევე, როგორც - გარიცხვის შესახებ,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა ობოლაძე.

დღის ამბები