25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.

„ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხად, საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება და 2024 წლის - ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ წარდგება ისე, როგორც არის დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. როცა იდეებიდან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი კირთაძე.

მათი განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალ მენეჯმენტთან მუშაობა ვერ შეძლეს. სამომავლო გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებენ.

„პარტიამ, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს ხელისუფლება ჩაანაცვლოს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები და ერთგული თანამებრძოლები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ ყოველთვის, აღარ დატოვეს პარტიაში, ყველა კარი ჩაკეტეს. ერთის შეხედვით ერთი ხელით თითქოს ერთობისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ მეორეს მხრივ რას აკეთებენ ყველამ ნახეთ,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე.

მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას პარტიის წევრები, უკვე რამდენიმე დღეა, თბილისთან ერთად, რეგიონებშიც ითხოვენ. თავის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ლევან ხაბეიშვილი პარტიის დაპირისპირებული წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლებით პასუხობს.

მოქმედი თავმჯდომარის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა მმართველობის 10 თვის განმავლობაში პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, მან პასუხი უნდა აგოს და პოსტი დატოვოს. შიდა დაპირისპირების თემებს დახურულად მიიჩნევს ხაბეიშვილის ფრთა.

უკვე თანაპარტიელებს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი წევრები პასუხობენ და ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, ვინაიდან უკვე ყოფილი წევრების განცხადებები პარტიისთვის ყოველდღიურად დამაზიანებელი იყო.

„ისინი, ფაქტობრივად, არ მოდიოდნენ და პარტიის იდეებს არ იზიარებდნენ. უფრო მეტიც, ყოველდღიურად მათი განცხადებებით აზიანებდნენ და ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ პარტიისთვის. დღეს ოფიციალურად რაც გააფორმეს, ვფიქრობ, რომ კარგია ერთი მხრივ, თუკი პარტიაში მოსვლას არ აპირებდნენ. იმედია, რომ დღეიდან გაასწორებენ სამიზნე ისრებს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი.

დღის ამბები