"ომს გავაგრძელებთ, სანამ ჩვენს ყველა მიზანს არ მივაღწევთ" - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიემინ ნეთანიაჰუ იმასაც აცხადებს, რომ მოგების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. როგორც ისრაელში მყოფი, "რუსთავი2-ის" ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე ადგილიდან იუწყება, მხარეებს შორის ვითარება იმაზე მეტად დაძაბულია, ვიდრე ეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმებამდე იყო.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის, ღაზას სექტორი ორ ნაწილად არის გაყოფილი ისრაელის სამხედროების მიერ და "ცახალი" ორივე ნაწილს რკალისებურად უტევს.
"ომის 58-ე დღეა ახლო აღმოსავლეთში და ვითარება დაძაბულია იმაზე მეტად, ვიდრე ეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმებამდე იყო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღის წინ, თავად ტერორისტებმა დაარღვიეს. "ჰამასმა" ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილიდან, ისრაელის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ "ჰამასმა" ყველა შეთანხმება დაარღვია და ისრაელის სამხედრო ძალები დაიწყებენ სახმელეთო სამხედრო სპეციალურ ოპერაციას ღაზას სექტორში. ამ დროისთვის, ღაზას სექტორი ორ ნაწილად არის გაყოფილი ისრაელის სამხედროების მიერ და "ცახალი" ორივე ნაწილს რკალისებურად უტევს. დღეს, ვრცელდება ინფორმაცია ისმის შესახებ, რომ "ჰამასის" მიწისქვეშეთში ჩასასვლელი 500-ზე მეტი გვირაბი იქნა განადგურებული", - აცხადებს ხეცოიძე.
ჟურნალისტის თქმით, "ჰამასის" ტყვეობაში 137 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათგან 11 უცხოეთის მოქალაქეა.
ბოლო ინფორმაციით, "ჰამასის" ტყვეობაში 137 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათგან 126 ისრაელის მოქალაქეა და 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისრაელში ფიქრობენ, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, "ჰამასის" ნდობა აღარ შეიძლება და სამომავლოდ, მათთან ყველანაირი მოლაპარაკება წარმოუდგენელია. ასევე, შუამავალი ქვეყნებიც ფიქრობენ, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება. ასევე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ისრაელის ძალები ბომბავენ, ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეები არ იმყოფებიან", - განაცხადა ხეცოიძე.