25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"ლელოს" ლიდერის ინტერვიუ "ქართული ოცნებისთვის" იმის მტკიცებულებაა, რომ ყოფილი ბანკირი ოლიგარქობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს - მმართველი გუნდის განცხადებები ხაზარაძეზე

ოლიგარქების სია იზრდება, კეზერაშვილის შემდეგ ხაზარაძეა. "ლელოს" ლიდერის სატელევიზიო ინტერვიუ, "ქართული ოცნებისთვის" იმის მტკიცებულებად იქცა, რომ ყოფილი ბანკირი ოლიგარქობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძე ოლიგარქობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის, რომ ყოფილ ბანკირს დიდი ფინანსური კაპიტალი და საკუთარი პარტია აქვს, არც აქამდე იყო უცნობი, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერისთვის, მთავარ აღიარებად, "ლელოს" ლიდერის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, სადაც ის მედიაზე არსებულ გავლენებზე საუბრობდა.

მმართველი გუნდის მსგავსად, მამუკა ხაზარაძის ოლიგარქიულ მისწრაფებებში ოპოზიციის დიდი ნაწილიც დარწმუნებულია.

ოპოზიციონერების ნაწილმა დღეს "ლელოს" ლიდერი, სატელევიზიო ეთერების დაბლოკვაშიც დაადანაშაულა. თქვეს, რომ ხაზარაძის სტრატეგია ხშირად პოლიტიკურად მიუღებელია.

"ლელოს" ლიდერის პოზიციები დღეს მხოლოდ მის პოლიტიკურ გუნდში დაიცვეს. პარტიაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურად იდევნება.

შემთხვევითი აღიარება, რომელმაც ყველაფერს ზუსტი სახელი დაარქვა - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების პოზიცია "ლელოს" დამფუძნებლის ინტერვიუზე. მმართველ გუნდში მამუკა ხაზარაძესა და დავით კეზერაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს.

თბს ბანკის დამფუძნებელი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად 2019 წლიდან გამოჩნდა. დააარსა პარტია "ლელო" და მას შემდეგ რამდენიმე არჩევნებშიც მონაწილეობდა.

დღის ამბები