პოლიტიკური შტორმის ჩაცხრობას, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს პოლიტსაბჭოს გაფართოებით შეეცადა. დაიბრუნა აქამდე მასზე განაწყენებულები, მაგრამ არცერთი ვინც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდში ირიცხება.
ნიკა მელიამ კი პასუხს დღესაც დუმილი ამჯობინა. არც მისი თანამოაზრეები მისულად პარტიულ შეკრებაზე. პოლიტსაბჭოს გაფართოების იდეა კი, უკანონობის გაფართოებად შეაფასეს. კითხვები აქვთ მათთანაც, ვინც ლევან ხაბეიშვილის პოლიტსაბჭოს ახალ წევრობას დათანხმდა.
ახალ წევრებს შორის არიან პოლიტსაბჭოს ძველი წარმომადგენლებიც და პარტიიდან წასულებიც. პოზიციების შეცვლა პარტიის გაერთიანების მოტივით ახსნეს. პოლიტსაბჭოს ახალ წევრებთან ერთად ლევან ხაბეიშვილის გვერდით დღეს იდგნენ ისინიც, ვინც რამდენიმე დღის წინ თავმჯდომარეს მწვავედ აკრიტიკებენ. მაგალითად, გია ბარამიძე, რომელიც მზად იყო სატელევიზიო ეთერით ნიკა მელიას "გარიცხვის" გამო პარტიული თანამდებობა დაეტოვებინა. ხაბეიშვილის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, ბარამიძეს დღეს მაინც სჯერა, რომ მელია პარტიიდან გარიცხული არ არის.
თბილისის ორგანიზაციის წევრები და ყოფილი თავმჯდომარეები პოზიციას არ იცვლიან. მოითხოვენ, რომ ხაბეიშვილი გადადგეს. "ნაცმოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს მათ პირდაპირ უთხრეს, რომ პარტიის მმართველობის ისტორიაში მისი გვარი "შავ სიაში" ჩაიწერება.
თბილისთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე წინააღმდეგ გამოდიან რეგიონებშიც. სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. ჩამონათვალი დღეს უფრო გაფართოვდა. რაიონული ორგანიზაციების და საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს პარტიის დაშლის გამო, პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას მოუწოდებენ.
გაერთიანების უშედეგო მცდელობები და დაშლის შეუქცევადი პროცესი - ასე ხედავს "ნაციონალურ მოძრაობის" აწმყოს და მომავალს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ ის, რაც ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.
"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს გაფართოებას დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გააფორმებს.