"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ეს ადამიანები არიან: ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე და ირაკლი გიორგობიანი.
„გამარჯვების კოალიციის“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა. ეს ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას.
ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დამარცხება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, საბოლოოდ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს ვინც იზიარებს, ცხადია, იმ ადამიანებისთვის პოლიტიკური საბჭოს კარი არის ღია. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, ვინც პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს და დღეიდან იმ მანდატით იმოქმედებენ, რითაც მოქმედებენ პოლიტიკური საბჭოს წევრები. შემდეგ ყრილობაზე ეს გაფორმდება ოფიციალურად. აქ არიან პოლიტიკური საბჭოს ის წევრები, რომლებიც ირიცხებოდნენ წინა პოლიტიკურ საბჭოში და ამ პოლიტიკურ საბჭოს არ წარმოადგენდნენ, დღეიდან კი ეს კონკრეტული ადამიანები იქნებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები. ასევე, არიან ახალი ადამიანები, რომლებიც პირველად შემოდგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში ფეხს. შემდეგ ყრილობამდე, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური საბჭო კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.