25 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
21-ე საუკუნეში, პედაგოგებს, რომლებიც, დიდი ხანია, კომპიუტერებთან სხედან, სხვადასხვა ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და მოსწავლეებს კომპიუტერულ პროგრამებს ასწავლიან, გიორგი ვაშაძე ეუბნება, კომპიუტერებს დაგირიგებთო - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრს მოუსმინეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვებს გამოეხმაურა.

თალაკვაძის შეფასებით, ვაშაძის დაპირებები იყო მწირი, უფერული და შეუხედავი.

“ბატონ გიორგი ვაშაძეს მინდა გამოვეხმაურო. ჩემკენ გამოიშვირა ხელი და ამაყად განაცხადა, რომ ჩემი მთავარი მიღწევა არის პასპორტი, პირადობის მოწმობა და იუსტიციის სახლებიო. ჯერ ერთი, ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მეტი იუსტიციის სახლი ააშენა, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ, ბატონო გიორგი.

განათლების სისტემაში რა გააკეთეთ? რას ეუბნებით ხალხს, პასპორტები მოგეცით, პლასტიკური პირადობის მოწმობები გაგიკეთეთ, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა - ადამიანებს ღირსებები აყარეთ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მესამე სართულიდან ადამიანები გადმოყარეთ, პენიტენციურ სისტემაში ჯალათები რომ გყავდათ დანიშნული და ტელევიზიებში რეიდებს რომ აკეთებდით, ეს არის ამის საპირწონე? ხალხს იმას ეუბნებით, რომ იუსტიციის სახლები აგიშენეთ, მაგრამ წართმეული ქონების გადასაფორმებლად დაგვყავდით. ეს არის თქვენი გზავნილი.

კიდევ ერთხელ მოუსმინეთ გიორგი ვაშაძის გამოსვლას. ამ დიაპაზონში როდესაც ყველაფერს შეუძლია დაჰპირდეს საზოგადოებას და ჩვენ ვიცით, რომ ეს მას კარგად ეხერხება, მაინც მისი დაპირებები იყო მწირი, უფერული და შეუხედავი. ჩამოგითვლით, რაც ის მომავალში დაჰპირდა ხალხს, რაც "ქართულ ოცნებას" უკვე გაკეთებული აქვს. ხელფასებს გაგიზრდით 1500 ლარამდეო. მინისტრმა ეს უკვე დააანონსა. სტარტაპების ფონდს გაგიკეთებთო, რომელიც ხელისუფლებას წლებია გაკეთებული აქვს. კომპიუტერებს დაგირიგებთო პედაგოგებს უთხრა. ეს დაპირებაა თუ საზოგადოების დაცინვაა? 21-ე საუკუნეში პედაგოგებს, რომლებიც დიდი ხანია კომპიუტერებთან სხედან და სხვადასხვა ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და მოსწავლეებს ასწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, ახლა 2023 წლის დეკემბერში გიორგი ვაშაძე ეუბნება, რომ კომპიუტერებს დაგირიგებთო. ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს? კომპიუტერებიც დარიგებული აქვთ მოსწავლეებს და კომპიუტერული კლასებიც სკოლების დიდ ნაწილში გახსნილია და ინტერნეტზეც არსებობს წვდომაც," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები