25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ჩინეთიდან დასავლურ ქვეყნებში უკონტროლოდ შესულმა ნარკოტიკმა აშშ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა - კიდევ რომელ ქვეყნებში გახდა ფენტანილის მოხმარება პრობლემური და რას ამბობენ მასზე ქართველი ნარკოლოგები

ზესახელმწიფოთა ლიდერების მოლაპარაკებების თემა მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკა, ეკონომიკა და გავლენის სფეროები არ არის - მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები ახლა ისეთი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, რომლის დამანგრეველი ეფექტი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვადასხვა კონტინენტზე არსებული სამხედრო კონფლიქტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დასავლურ ქვეყნებში უკონტროლოდ შესულმა ნარკოტიკულმა საშუალება ფენტანილმა ამერიკის შეერთებული შტატები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. სამედიცინო სისტემისთვის შექმნილმა შეუცვლელმა მედიკამენტმა ქუჩებში გადაინაცვლა და მისმა კუსტარულმა ანალოგმა უკვე ასობით ათასი ამერიკელი იმსხვერპლა.

კუსტარული ფენტანილის მოხმარება შეერთებულ შტატებში ეპიდემიად და ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა. გადაუდებელ სამედიცინო სამსახურებს შეუსვენებლად უწევთ ზედოზირებით შემოყვანილი პაციენტების სიცოცხლისთვის ბრძოლა, თუმცა ბევრი მათგანი ჰოსპიტალში მოხვედრამდე იღუპება.

ფენტანილი უძლიერესი სინთეტური ოპიოიდია, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის შეუცვლელ მედიკამენტს წარმოადგენს. მას უმეტესად, ოპერაციის დროს ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ. პრეპარატის დადებითი მხარე ის არის, რომ ძალიან პოტენციურია და თან, ანალგეზიის მოკლე პერიოდი აქვს, რაც ანესთეზიოლოგს, ოპერაციის ხანგრძლივობის მიუხედავად, პაციენტის ტკივილის ეფექტურად მართვის საშუალებას აძლევს, თუმცა, სამედიცინო დაწესებულების გარეთ, ფენტანილი მკვლელია. ის ჰეროინზე 50-ჯერ და მორფინზე 100-ჯერ მეტად პოტენციურია. მისი გვერდითი მოვლენა დოფამინის გამოყოფაა, რის გამოც ის მომხმარებლებს მოსწონთ, თუმცა, ამასთან ერთად, ფენტანილი სუნთქვის უსწრაფესად დათრგუნვას იწვევს. დოზის კონტროლი ჰოსპიტალში სპეციალური ტიტრაციით ხდება. ქუჩაში ამის გაკეთება წარმოუდგენელია და, გადაუდებელი დახმარების გარეშე, მომხმარებელი იღუპება.

კუსტარული ფენტანილის მოხმარების შემთხვევებს ნარკოლოგები საქართველოშიც ხვდებიან, თუმცა დასავლეთისგან განსხვავებით, არა მასობრივად. სპეციალისტების თქმით, უმეტესად, ის სხვადასხვა ნარკოტიკში ხვდებათ გარეული. შარშან ოქტომბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია "მანდალამ" "ემდიემეის" ასამდე ნიმუში დატესტა და ფენტანილის კვალი თითქმის ყველა მათგანში აღმოაჩინა.

კუსტარული ფენტანილის დასამზადებელი ნედლეულის უდიდესი ნაწილი დასავლეთში ჩინეთიდან ხვდებოდა. წლების განმავლობაში, ასობით ათასი ამერიკელის დაღუპვის შემდეგ, ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა სი ძინ პინთან შეხვედრაზე წამოჭრა და უკანონო ექსპორტის გაკონტროლება მოსთხოვა.

ამერიკის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, ფენტანილი და მისი ყველა ინგრედიენტი პირველი ჯგუფის კონტროლირებული პრეპარატების ნუსხაში შეიტანოს. წამალდამოკიდებულთა მკურნალობის გასაძლიერებლად და ნარკოტიკების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თეთრი სახლი რამდენიმე მილიარდი დოლარის გამოყოფას მოითხოვს.

დღის ამბები