შავი ზღვის სანაპირო ზოლი თითქმის ყველგან განადგურებულია. მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" რეგიონის ქვეყნებს უტევს. 8-ბალიანმა შტორმმა ქობულეთის სანაპირო ზოლი გაანადგურა, დაზიანებულია საცხოვრებელი და კომერციული ფართები. სტიქია, შედარებით სუსტად, თუმცა დღესაც გრძელდება.
მასშტაბურმა ღელვამ სტიქიის ზონად აქცია ბათუმიც. მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემები. დაიტბორა ქალაქის ქუჩები. შტორმი დამანგრეველი აღმოჩნდა ფოთის, ანაკლიისა და ურეკისთვისაც.
ციკლონს შავ ზღვაში ცირკულირება ჯერ არ დაუსრულებია. ღელვა და შტორმი, ისევე, როგორც ძლიერი ქარი, კვლავ გრძელდება. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისა და სანაპირო ზოლში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
სტიქიაა აფხაზეთის სანაპირო ზოლშიც. ვიდეომასალებს, სოციალური ქსელით, ადგილობრივები ავრცელებენ. ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ნადგურდება ყველაფერი, რაც შტორმს წინ ეღობება.
ქარიშხალს, რომელმაც შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას გადაუარა, ევროპელმა მეტეოროლოგებმა "ბეტინა" უწოდეს. სტიქიამ განვითარება, რამდენიმე დღის წინ, ადრიატიკის ზღვაში დაიწყო, შემდეგ საბერძნეთისკენ გადაინაცვლა და ციკლონად, საბოლოდ, შავ ზღვაში ჩამოყალიბდა.
"ბეტინამ" პირველი ფართომასშტაბიანი ზიანი ჩრდილოეთ საბერძნეთს, კონკრეტულად ჰალკიდიკისა და ლესბოსის სანაპიროებს მიაყენა. ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 უგზო-უკვლოდ დაიკარგა სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად.
ქარიშხალი "ბეტინა" თურქეთსაც დაატყდა თავს და ზღვაში შტორმი წარმოქმნა. დატბორილია სანაპირო ქალაქები. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, დაიღუპა ცხრა ადამიანი, ჩაიძირა ორი სატვირთო გემი. ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ მყარდება, სამაშველო სამუშაოებს კი გარემო პირობები აფერხებს.
ციკლონმა გადაუარა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინის დიდ ნაწილსაც. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, კიევში, მესამე დღეა, საფრთხის მეორე - ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდაცვლილია 10 ადამიანი, არიან დაკარგულებიც.
ქარიშხალსა და შტორმს ძლიერი თოვაც დაერთო ბულგარეთში. ქვეყნის ათობით მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ორი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.
ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში კვლავ გაუვალი გზებია. ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე ასობით ათასი ოჯახია დარჩენილი.
ციკლონის მიერ შექმნილი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ რუმინეთსა და მოლდოვაშიც. სიტუაცია ამ ქვეყნებში იმდენად მძიმეა, რომ სამაშველო სამსახურების, მათ შორის სასწრაფო დახმარების ჯგუფები, დანიშნულების ადგილებამდე მისვლას ვერ ახერხებენ. აქ ქარის სიჩქარემ საათში 100 კილომეტრს გადააჭარბა.
"ბეტინამ" შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მძიმე ეკონომიკური პრობლემებიც შეუქმნა. ქარიშხალმა შეაჩერა საერთაშორისო სატვირთო გემების მოძრაობა, გადაიდო არაერთი სამგზავრო და სატვირთო ავიარეისიც. სპეციალისტების პროგნოზით, ციკლონი აქტიურ მოქმედებას კვირის ბოლომდე დაასრულებს.