რუხის მრავალპროფილური კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით სარგებლობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე - ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები.
ბოლო 2 თვის განმავლობაში, საავადმყოფო უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის, სამედიცინო სერვისი მიიღო გალიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან და სოხუმიდან გადმოსულმა 354-მა პირმა.
რუხის საავადმყოფო ერთ-ერთი პირველია, რომელმაც რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები დააკმაყოფილა. სამედიცინო დაწესებულება, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. კლინიკაში ფუნქციონირებს ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, კარდიოლოგიის , ყბა-სახის ქირურგიისა და სხვა მიმართულების განყოფილებები. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური, ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებით.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება.
რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად შეაჯამა ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შედეგები, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური საავადმყოფო 15 სექტემბერს გაიხსნა. კლინიკაში გადაუდებელი მედიცინის განყოფილება 24-საათიანი რეჟიმში ფუნქციონირებს.