მოძრაობა "ხალხის ძალა" უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებას ხელისუფლების მართებული სამშვიდობო პოლიტიკის დასტურად მიიჩნევს. საუბარია რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის ინტერვიუზე, რომელშიც სადაც დავით არახამიამ თქვა, რომ რუსეთი, უკრაინის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, ომის შეჩერების პირობას იძლეოდა, თუმცა, მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევს ომის გაგრძელება ურჩია და ოკუპანტების სიტყვის სანდოობაში ეჭვი შეიტანა. "ხალხი ძალაში" არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში, ამ კუთხით, მეტი ინფორმაცია გასაჯაროვდეს.
არახამიას ეს განცხადება დაფიქრების საფუძველს აჩენს მმართველი პარტიის წევრებისთვის. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს მშვიდობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ამბობენ, რომ ოფიციალური კიევის მხრიდან ახლა გაკეთებული განმარტებები დაგვიანებულია, რადგან უკრაინამ მასშტაბურ ომს თავი ვერ აარიდა.
მმართველი გუნდის რიტორიკას სპეკულაციურს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, რუსეთი შეთანხმებებს არასდროს ასრულებს - შესაბამისად, არახამიას სიტყვების ინტერპრეტირება არასწორია.
ფრთხილი, დამოუკიდებელი და პრაგმატული პოლიტიკა - "ქართული ოცნების" ლიდერების აზრით, ქვეყანას სტაბილურობა სწორედ ამ მიდგომამ შეუნარჩუნა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკის გარჩევა არ სურთ. თუმცა არახამიას სიტყვები და ქართული ოპოზიციის მხრიდან მისი გამართლების მცდელობა, "ოცნებისთვის", კითხვებს აჩენს.
სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომი უკვე 2 წელია გრძელდება და მას, ათიათასობით სამხედროსთან ერთად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.