25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ქალის მიმართ ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა - ახალი დეტალები "კაბუს" საქმეში

მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ", მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ქალზე ძალადობის, მასზე მუქარისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კახა აბუაშვილი, საპატიმროს, 10 000 ლარის გადახდისთანავე დატოვებს.

მოსამართლის გადაწყვეტილება მომღერლის ადვოკატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სხდომის დასრულების შემდეგ, ინტერესების დამცველებმა თქვეს, რომ მხოლოდ ქალის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა, დაკავების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები სამართალდამცველებს უკვე მოპოვებული აქვთ, მათ შორის არის ჩვენებებიც. გარემოებების ერთობლიობა კი, პროკურორის თქმით, ადასტურებს, რომ კახა აბუაშვილმა, იგივე "კაბუმ", ქალზე იძალადა და ნარკოდანაშაულიც ჩაიდინა. ბრალდების მხარე სამედიცინო ექსპერტიზის პასუხსაც ელოდება, რომელიც დაადგენს, რა სახის დაზიანებები ჰქონდა რეპერის თანმხლებ ქალს.

თავად "კაბუს " ბრალდებებზე სასამართლოზე არაფერი უთქვამს და მხოლოდ მოსამართლის კითხვებს პასუხობდა. დაკავების დღიდან, ცნობილი იყო, რომ მომღერალი და მსახიობი არცერთ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

კახა აბუაშვილი 25 ნოემბერს კახეთის გზატკეცილზე დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დღეს, მომღერალს და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდა ქალს ავტომობილში კონფლიქტი მოუვიდათ. გამოძიების ინფორმაციით, რეპერმა, სავარაუდო მსხვერპლს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა, დასახიჩრებით დაემუქრა და ცივი იარაღი რამდენჯერმე მოუქნია. დაპირისპირების ფაქტი სამართალდამცველებმა შენიშნეს, ავტომობილს დაედევნნენ, გააჩერეს და "კაბუ" დააკავეს.

დღის ამბები