25 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე, "კურიერი P.S-ის" მიერ მოპოვებული ვიდეო, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულება გახდეს - რა ჩანს ჩანაწერში

"კურიერი P.S-ის" მიერ მოპოვებული ვიდეო, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულება გახდეს. ჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ დაესხა თავს კოსტა სანიკიძეს დანით შეიარაღებული მამაკაცი. შემთხვევის ტელეფონით გადაღება სანიკიძის ოჯახის წევრმა მოასწრო და მასალა უკვე გამოძიებასაც აქვს.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი გველესიანის მამა დღეს, საკუთარი ინიციატივით, კოსტა სანიკიძის ინტერესების დამცველს შეხვდა. სავარაუდოდ, 24 წლის თავდამსხმელი, რომელიც სანიკიძის სახლში შეიჭრა და მას მძიმე ჭრილობები მიაყენა, დაზარალებულთან მორიგებას ცდილობს. შეხვედრის ფაქტს დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს.

თავად კოსტა სანიკიძის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. მან, "რუსთავი 2-თან", დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები თავდასხმის დღეს.

კოსტა სანიკიძის ნათქვამს "რუსთავი2-ის" მიერ გასაჯაროებული ჩანაწერიც ამყარებს. კადრებში ჩანს ისიც, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას თავდამსხმელი კოსტა სანიკიძეს და მისგან დაჟინებით ითხოვს კარის გაღებას.

24 წლის გიორგი გველესიანი სამართალდამცველებმა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაჭრილი კოსტა სანიკიძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამ დრომდე უცნობია დანაშაულის მოტივი.

დღის ამბები