25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მზად არის - საქართველო ბრიუსელის 9 დათქმის შესრულებას იწყებს

ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. მთავრობამ, თითოეული რეკომენდაციის შესრულების ხედვასთან ერთად, მათი განხორციელების ვადებიც გაწერა. სამოქმედო გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიზანი ერთია - რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს გაწერილი პუნქტები. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ევროპელ პარტნიორებთან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა.

სამოქმედო გეგმის დეტალები და რეფორმების დღის წესრიგი სწორედ პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს. რეკომენდაციების განსახორციელებლად გადასადგმელი ნაბიჯები, პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები - საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დოკუმენტში ყველა დეტალი გაწერილია. ილია დარჩიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

პროცესში ჩართვის სანაცვლოდ, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებას სთავაზობს, ნაწილი მუშაობისთვის მზად მხოლოდ საპარლამენტო ფორმატებშია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყველა დათქმა შესრულდება.

ოპოზიციის განცხადებების ფონზე, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ პარტიები, ამ შემთხვევაშიც, საკუთარ ინტერესებს დააყენებენ წინ და პროცესის საბოტაჟის მცდელობაზე უარს ვერ იტყვიან.

9 პრიორიტეტთან დაკავშირებით მომზადებული სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში ევროკომისიას გადაეგზავნება.

დღის ამბები