25 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია - ეს გადაწყვეტილება ერთნაირად სჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მადრიდში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

მაკა ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საჭიროებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

"გასული წლის ივნისის გადაწყვეტილებიდან დღემდე, ბევრი რამ გავაკეთეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად გამოწვევებისა, არ შეგვინელებია ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები. შედეგად, გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გამოსცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის.

"ევროკავშირის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია. ეს გადაწყვეტილება ერთნაირად სჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან სწორედ მან უნდა ჩაუყაროს საფუძველი იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრებში ესპანეთის პარლამენტის მოწვევით მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია.

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო, ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საკითხებში - პასკუალ ნავარო, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი - ილვა იოჰანსონი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ოტმარ კარასი.

დღის ამბები