25 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
პარლამენტის ბიურომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვების შემოღების თაობაზე "ლელოს" რეზოლუციის პროექტს მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა

კამათი იყო ბიუროს სხდომაზე, სადაც დეპუტატები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგს განიხილავდნენ. ბიურომ "ლელოს" რეზოლუციის პროექტს - "საქართველოს დაცვის აქტი" - მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა. როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.

ისმოდა ურთიერთბრალდებებიც - ოპოზიციამ ხელისუფლება რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ოპონენტების ბრალდებებს სხდომაზევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები უარგუმენტო და აბსურდულია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ინიციატორებს შეუძლიათ, რეზოლუციის პროექტზე აპარატის შენიშვნები გაითვალისწინონ და უკან შემოიტანონ.

"წელიწად-ნახევარია, საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ. ახლა გაიგეთ? ამ რეზოლუციის დაინიცირება გჭირდებოდათ, ეს რომ გაგეგოთ? თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დათვალოთ და ისე შემოიტანოთ ეს რეზოლუციის პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკას და მხარს რას დავუჭერდით, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდით. გაცხადებულია ეს პოლიტიკა წელიწად-ნახევარია. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, სანქციებს არ ვაწესებთ. სხვათა შორის, სანქციების დაწესებას ოპოზიცია ხან ეთანხმებით, ხან არ ეთანხმებით - ხოლმე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები