ქართველ რეპერს კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს, რომელიც დღეს, სავარაუდოდ ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, ბრალს ოფიციალურად ზაჰესის იზოლატორში ხვალ გააცნობენ.
როგორც "კურიერი P.S.-მა" გაარკვია, კახა აბუაშვილი. იგივე კაბუ, სამართალდამცველებმა კახეთის გზატკეცილზე აიყვანეს, იმ დროს, როდესაც ის ავტომობილით მეგობარ ქალთან ერთად გადაადგილდებოდა.
"კურიერი PS-ის" ინფორმაციით, სწორედ ავტომობილში მოხდა სავარაუდო დანაშაული, რის შემდეგაც ქალმა გამვლელ საპატრულო პოლიციას ნიშანი მისცა.
კახა აბუაშვილის საქმეში, ცოტა ხნის წინ ჩაერთო ადვოკატი, ის დაცვის ქვეშ მყოფს, ზაჰესის იზოლატორში, ცოტა ხანში მოინახულებს.
"პირველ ვიზიტად მივდივარ ბატონ კახასთან. ბრალდების წარდგენის ვადა არის ხვალ,“ - აღნიშნა ადვოკატმა დავით სანაძემ.
"კურიერი PS" მომღერლის ყოფილ მეუღლეს, ანუკა გიორგელაშვილს ესაუბრა.
"გუშინ ველაპარაკე, უნდა ამოსულიყო საღამოს, აღარ ამოვიდა. ანუ, სახლში იყო. არაფერი არ ვიცი. ინტერნეტით გავიგეთ. იმდენად შოკში ვიყავი, ის ვიფიქრე, რომ ვინმე რამეს ხომ არ უგონებს თქო, იმდენად წარმოუდგენელია. არ შეგვხმიანებია არავინ.
მე ვიცი, რომ სერიოზული ურთიერთობა ამ ეტაპზე არ ჰქონია არავისთან, წარმოუდგენელია, კახა და ძალადობა და მუქარა," - ამბობს კახა აბუაშვილის ყოფილი მეუღლე, ანუკა გიორგელაშვილი.