ბინის დამქირავებლების მიერ თანხის გადაუხდელობისა და ბინის დაცლის პრობლემის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. ურჩი მობინადრეები არაერთი ადამიანის პრობლემად იქცა. ერთ-ერთი შემთხვევაა მარიჯანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მობინადრე ჰყავდა. ბინაში უჩვეულო სიტუაცია და გაუგებრობები მას შემდეგ დაიწყო, რაც 200 კვ. მეტრი ბინის მფლობელებმა კარი ციცქიშვილების ოჯახს გაუღეს. რეალური მფლობელები საკანონმდებლო ხარვეზის გამო თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, რომ საკუთრება დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ. მათი ერთადერთი ალტერნატივა სასამართლო იყო, რომელიც რეალურად დავის სამართლებრივი გადაწყვეტის ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
ბინა მაისის დასაწყისში გაქირავდა. დამქირავებლები მეორე თვიდან თანხას აღარ იხდიდნენ. სწორედ აქედან იწყება უთანხმოებაც. მეპატრონეებმა ბინაში შესვლა გაქირავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დაახლოებით 10 დღის წინ შეძლეს. მას შემდეგ კი, დაპირისპირებულ მხარესთან ერთად ცხოვრებით ცდილობენ მათთვის დისკომფორტი შეექმნათ. თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდათ.
ურჩი გადამხდელები ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ეს ბინა მათ მფლობელობაში იყო. მეტიც, თავს დაზარალებულებად მიიჩნევდნენ და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე საუბარსაც არ ერიდებოდნენ. გასვლას კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდნენ, თუ გამქირავებელი მათ ბინაში შესვლამდე მიცემულ 4000 დოლარს დაუბრუნებდა.
მსგავსი ისტორია აქვს კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელმაც სახლი კიკეთში ეგვიპტიდან საქართველოში ჩამოსულ ოჯახს მიაქირავა. საფასური არც ამ შემთხვევაში გადაიხადეს, თუმცა მეპატრონემ დავა სასამართლოს გარეშე მოაგვარა.
საქართველოში გაქირავებიდან მისაღები შემოსავლის ნაცვლად პრობლემები არაერთ სხვა პირსაც შეექმნა. დაზარალებულთა რიცხვი დიდია. "კურიერი P.S."-მა მიმდინარე კვირაში ერთმანეთის მსგავსი შინაარსის არაერთი ისტორია მოისმინა.
მსგავსი შემთხვევები სასამართლოს გზის ავლით ვეღარ მოგვარდება, თუმცა სახელმწიფო შანსს და დაცვის დამატებით მექანიზმს იმათ სთავაზობს, ვინც ბინის გაქირავებას მომავალში აპირებს. კანონში ცვლილების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. რატი ბრეგაძის უწყება საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობას ასრულებს. სახეცვლილი დოკუმენტი კი, დეპუტატების მაგიდაზე უახლოეს მომავალში დაიდება.
როდის შეძლებს გამქირავებელი ახალი სერვისით სარგებლობას, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ცნობილია ის, რომ საქართველოში მცხოვრებ ათასობით მოქალაქეს, რომლებიც თავს ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით ირჩენს, ცვლილება ხანგრძლივი სამართლებრივი დავისგან დაიცავს.