რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება. "კურიერი" ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, გატაცებული ეკლესიაში სანთლების დასანთებად იყო მისული, რა დროსაც ის დანარჩენ 2 ადამიანთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს.
"სანთლები წაიღო დასანთებად. ავიდა, დაანთო და მოკიდეს ხელი და წაიყვანეს. წმინდა გიორგის ეკლესიაში ავიდნენ... სამნი იყვნენ," - ამბობს გატაცებული ხვიჩა კორინთელის დედა მაყვალა კორინთელი.
"სანთლებს დავანთებო, საშინაო ტანსაცმლითაა წასული... დღეს მესამე დღეა, მაგრამ შაბათ-კვირა დაემთხვა. ორშაბათს ალბათ პატარა სასამართლო ჩატარდება და სამშაბათისთვის ველოდებით, ვნახოთ რა იქნება," - ამბობს გატაცებული ხვიჩა კორინთელის და, ნანა კორინთელი.
სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუსის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გათავისუფლების მიზნით ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია.