მიიღებს თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას? პესიმისტურია მოლოდინი უმრავლესობაში.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, დოკუმენტი საბოლოო სახეს ხვალ მიიღებს, მომავალ კვირას კი ევროკომისიას გაეგზავნება. გეგმის საბოლოო ფორმირებამდე, დოკუმენტს მთავრობა განიხილავს. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სამუშაო ფორმატების შექმნაც იქნება, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართულობის მოლოდინებთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა არ აქვს.
"როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს, თუნდაც უმწვავესი კრიტიკით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. მე არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი, მაქვს იმედი, რომ გარკვეული ნაწილით გამდიდრდება ის წრე ოპოზიციონერებისა, რომლებიც შემოუერთდებიან მუშაობს. შარშან დაშვებული ეს მწვავე შეცდომის გამეორების სურვილი ყველას არ ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ დარჩება ძირითადი ბირთვი ოპოზიციაში, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ იგივე დესტრუქციული განწყობით იქნება გამორჩეული და ამით დაამახსოვრებს საზოგადოებას თავს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მოლოდინებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
"ვეცდებით, შევასრულოთ ეს დამატებითი რეკომენდაციები და მიიღონ მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ იქნება მათი ლუსტრაცია, თუმცა მგონი საზოგადოებას აღარ სჭირდება არანაირი მტკიცებულება და დასტური იმისა, რომ ეს ხალხი არიან მავნებლები და აზიანებენ საქართველოს ევროპულ მომავალს," - აცხადებს ბექა ოდიშარია.