25 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ცვლილებები თავდაცვის კოდექსში - რა წერია კანონპროექტში, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესს შეცვლის

"თავდაცვის კოდექსში" ცვლილებების საჭიროება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარდაჭერით უკვე დაადასტურა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. ახალი ინიციატივის მიხედვით, გადავადების უფლებით ისარგებლებს ახალგაზრდა, რომელიც უმაღლეს განათლებას იღებს და აქტიური სტუდენტის სტატუსით სარგებლობს. ასევე ის სტუდენტები, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ, სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ იღებენ. გაწვევის გასაჩივრების მექანიზმზე განმარტებები დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

თავდაცვის ახალი კოდექსი შეეხება პირებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს რწმენის, რელიგიის ან აღმსარებლობის მოტივით მოითხოვდნენ. ასევე, სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს ვეღარ შეაჩერებს. ცვლილებები გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის. ამბობენ, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

კოდექსში ცვლილებები რომ თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას უზრუნველყოფს, საუბრობენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ასევე ამბობენ, რომ ცვლილებები, კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, დამაზიანებელი გეგმების განხორციელებაში ხელს შეუშლის.

დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება. სიახლეებთან დაკავშირებით, მედიის კითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა. გრიგოლ გიორგაძე ამბობს, რომ სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვერსია აირჩიოს. სურვილის მიხედვით გაიაროს ექვსი, რვა ან თერთმეტ თვიანი პროგრამა. ოთხი წლის განმავლობაში კი, ზაფხულის პერიოდში, ერთი თვე სამხედრო სამსახურში იყოს. მინისტრის მოადგილე, ჯარში გაწვევისა და სასამართლოში საქმის წარმოების დაჩქარების პროცედურებსაც განმარტავს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემდეგ დეპუტატები ცვლილებებს თავდაცვის კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.

დღის ამბები