25 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც იყო, რომელმაც, ბუნებრივია, უნდა თქვას, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული - ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ, 7 ნოემბერთან დაკავშირებით, სააკაშვილმა საერთოდ არაფერი უნდა თქვას, რადგან, ოდიშარიას თქმით, ეს დღე სწორედ მისი მართული იყო. 

ამასთან, როგორც ბექა ოდიშარია აცხადებს, 7 ნოემბრის ორგანიზატორი სალომე ზურაბიშვილიც იყო და სწორედ ამიტომ, მან დღეს უნდა განმარტოს, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული:

"7 ნოემბერთან დაკავშირებით, სააკაშვილის ადგილას, საერთოდ პირს დავხურავდი, რადგან 7 ნოემბერი მის მიერ იყო მართული. ასევე, თუ გახსოვთ მისი სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე დარბევის დროს ეძინა - გჯერათ ამის? კაცს საერთოდ არ ეძინა ხოლმე ღამე და რას ჩადიოდა, არავინ იცის. 7 ნოემბერს კი, როდესაც გაცემული იყო ბრძანება, რომ სამაგალითოდ სისხლით უნდა მოერეცხათ რუსთაველის გამზირი - მაშინ სააკაშვილს ეძინა? არა, ის მართავდა ამ ყველაფერს. 

ახლა იმის თქმა, რომ ეს იყო ბადრი პატარკაციშვილისა და მის უკან მდგომი რუსეთის ხელით მართული, ეს კიდევ ერთი უსინდისობაა. ამ აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც, ბუნებრივია, უნდა თქვას, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე მოქმედი პრეზიდენტი - საკითხი აქტუალური ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევაზე, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა.

დღის ამბები