ბუდაპეშტი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, უნგრეთს სამაგალითო თანამშრომლობა აქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და რუმინეთთან.
„ჩინეთი ამჟამად არის უნგრული ეკონომიკისთვის რიგით მეორე იმპორტის წყარო. უნგრეთი არის ნომერ პირველი ქვეყანა ჩინური ინვესტიციებისთვის ცენტრალურ ევროპაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ენერგორესურსებს ვყიდულობთ ამ რეგიონში, მათ შორის ნავთობს ყაზახეთიდან და ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან. ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებულები ვართ აზიასა და ევროპას შორის მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვისურვებდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, იქნება ეს სატრანსპორტო მარშრუტი, რკინიგზა თუ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ამ კუთხით, ჩვენ სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და რუმინეთთან პროექტ „შუა მწვანე დერეფნის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს „მწვანე ენერგიის“ ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.