"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 2022 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყეს 12 პრიორიტეტზე, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე.
კობახიძის თქმით, 9 პრიორიტეტს შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობები აქვთ, 12 რეკომენდაციის შესრულების პორცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
"ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე. როგორც ვიცი, მთავრობაში გაიმართება შესაბამისი შეკრება. ეს სამოქმედო გეგმა ასევე გაეგზავნება ევროკომისიას, ალბათ იქნება მცირე კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიიღოს საბოლოო სახე. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყოს სამუშაო პროცესი 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს შესაბამის ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან, საუბარია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე. სამოქმედო გეგმა ისეთივე დეტალური იქნება, როგორიც თავის დროზე 12 პრიორიტეტთან დაკავშირებული გეგმა იყო. გაწერილი იქნება როგორც აქტივობები, ასევე პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა გვექნება წარმოდგენილი, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.
ბუნებრივია, ცოტა პესიმისტური მოლოდინები გვაქვს. გახსოვთ, 2022 წელს, ზაფხულში სამუშაო ჯგუფები შევქმენით, როდესაც მუშაობა დავიწყეთ 12 პრიორიტეტზე მაშინ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე. ეს სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, მოლოდინებიც პესიმისტურია. დავიტოვოთ იმედი, რომ გარკვეულ პროცესებში ისინიც ჩაერთვებიან“,- აღნიშნა კობახიძემ.