2007 წელს პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ათასი უბედურება ხდებოდა ხელისუფლების ხელმძღვანელობით. არაფერ შუაში იყო "ფეესბე“, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, რომ 7 ნოემბერი იყო რუსეთის პროვოკაცია.
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის მხრიდან ეს მორიგი ტყუილი იყო.
"ზოგადად, სააკაშვილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. ეს იყო მორიგი ტყუილი, არაფერ შუაში იყო იქ "ფეესბე“. ათასი უბედურება ხდებოდა მაშინ ხელისუფლების ხელმძღვანელობით და ამან გამოიწვია პროტესტი, რომელიც 2007 წელს იყო მისი ხელისუფლების და პირადად მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იმას, რომ შეიძლება, ასეთი ტყუილი არ „გაუტარო“, თავისი აზრი აქვს და სწორია გოგა ხაინდრავას ინიციატივა, რომელსაც სურს, ასეთი მარტივი ტყუილი მარტივად არ გაატაროს. მიუხედავად იმისა, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი მატყუარაა, ბუნებრივია, ასეთი ტყუილი მასაც არ უნდა „გაუტარო“. დანარჩენი, რა როგორ იქნება, მე არ ვიცი. (ზურაბიშვილმა) სულ მცირე, განცხადება მაინც გააკეთოს, ეთანხმება თუ არა იმას, რომ ის ხელმძღვანელობდა "ფეესბეს“ დირექტივებით მართულ პროტესტს. სულ მცირე, განმარტება ხომ მაინც უნდა გაკეთდეს მისი მხრიდან. არ ვიცი, იურიდიულად როგორ წარიმართება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, დააბრალა, რომ ის ხელმძღვანელობდა, ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი პროტესტისა, რომელიც, თითქოს "ფეესბეს“ მიერ იყო წარმართული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სააკაშვილს სჩვევია მარტივად ტყუილი, ნებისმიერი ტყუილი შეუძლია, თქვას, მაგრამ ზოგადად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ასეთ კაცს არც ერთი ტყუილი არ „გაუტარონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას 7 ნოემბერი რუსეთის სცენარს დაუკავშირა და აღნიშნა: 2007 წელს ჩვენ დაგვბომბეს წითელ უბანში და 2007 წელსვე მოგვიწყვეს არეულობები თბილისში. სწორედ ის, რაზეც ახლა არის ეს სასამართლო პროცესი. რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა და ასევე, "ფებეერმა" გამოგვიგზავნა წერილი, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში მცხოვრები ქართველი კანონიერი ქურდების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ ერევანში და შტაბი ჰქონდათ გაკეთებული. ზუსტად ასეთი წერილი მიიღო ახლა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას, მათ შორის კრიმინალის და ადგილობრივი მათი დამქაშების გამოყენებით. ხომ არ გეცნობათ სცენარი? რუსეთი სცენარებს არასდროს ცვლის. ეს იყო, რაც მოხდა 2007 წელს“.
სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელმაც აღნიშნა: „ოფიციალურად ვაცხადებ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების ორგანიზატორები ვიყავით: მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი, დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური – პარლამენტის ყოფილი წევრი, თინათინ ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გუბაზ სანიკიძე – კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია – იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან და დავით ბერძენიშვილები – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები, ლევან გაჩეჩილაძე – პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.მოვითხოვ, ამ საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ. უნდა გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში“.