25 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
თავდაცვის კოდექსის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის კოდექსი განიხილეს. დასმულ შეკითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა.

სხდომაზე იყო კამათიც. კომიტეტის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიას შენიშვნა რამდენჯერმე მისცა. კამათი მოჰყვა "თავდაცვის კოდექსში" არსებულ რელიგიურ ნაწილს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით. 

"ღმერთი არ არის თქვენკენ, თორემ როგორ შეიძლება სხვანაირად ფაქტობრივად თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე უმრავლესობა თქვენს გვერდზე იყოს, პრემიერ მინისტრი თქვენს გვერდზე იყოს, ეკლესია თქვენს გვერდზე იყოს და წელიწადის განმავლობაში, უბრალოდ სულელივით გიწევდეთ დგომა ერთ ადგილას და ვერც ვერაფერს ასაბუთებდეთ, ვერც გირჩის გაუქმების კანონს ღებულობდეთ და კიდევ დიდხანს მოგიწევთ მანდ დგომა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას უცენზურო სიტყვების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

"ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ იძულებული ვარ უკანასკნელი გაფრთხილება დავარქვა ამას. სიტყვები, რომელიც უცენზუროა თავისი არსით, ამას ხელმეორედ გამოიყენებთ და მომიწევს რომ დაგატოვებინოთ დარბაზი," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია, აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია 6-8-11-თვიანი ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა, ოთხი წლის განმავლობაში ზაფხულობით, ერთი თვე სამხედრო სამსახურის გავლა. თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება.

 

დღის ამბები