25 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
სარიტუალო დარბაზში საყრდენი კედლის ჩამოშლას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაირღვა თუ არა მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები

საყრდენი კედლის ჩამოშლას, სოფელ რგანში, 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზურაბ გველესიანი ნანგრევებს შორის მოჰყვა. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მისულ ექიმებს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგედიას შეესწრო გველესიანის მამაც. სასწრაფოს მისვლამდე, მშობელი შვილის გადარჩენას ცდილობდა.

ნგრევას გადაურჩა, თუმცა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები მიიღო 50 წლამდე მამაკაცმაც. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობის კურსს სახლში გადის. რამინ ყიფშიძემ, "კურიერთან", ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. ჰყვება, რომ საყრდენი კედელი მოულოდნელად ჩამოიშალა და შენობიდან გაქცევა ვეღარ მოასწორო.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სოფლის ცენტრში, სარიტუალო დარბაზში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ გველესიანი და რამინ ყიფშიძე, შენობის შიგნით, შედუღების სამუშაოებს ასრულებდნენ. სწორედ ამ დროს ჩამოიშალა შენობის სახურავი და კედლები. რამ გამოიწვია ნგრევა და იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული - ამ კითხავს პასუხს გამოძიება გასცემს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

"კურიერი" სარიტუალო დარბაზის მეპატრონესთანაც იმყოფებოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია. ოჯახის წევრის თქმით, ქალი თავს, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შეუძლოდ გრძნობს.

ნგრევის ხმა სოფელ რგანში 16:00 საათზე გაიგეს. ადგილობრივების თქმით, რემონტი სარიტუალო დარბაზში რამდენიმე დღის წინ დაიწყო და, ძირითად, სამუშაოები შენობის შიგნით სრულდებოდა.

სოფელ რგანში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე მიმდინარეობს. იკითხებიან თვითმხილველები და, ნგრევის გამომწვევ მიზეზებზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

დღის ამბები