25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ერთიანობის მცდელობა ულტიმატუმით - გახდება თუ არა ერთობის მანიფესტი მთავარი წყალგამყოფი "ნაციონალური მოძრაობისთვის"

დარჩება, წავა თუ გარიცხავენ? - მთავარი კითხვები დილიდან დაისვა - ყველას მისამართით. ნიკა მელია, მთელი დღეა, დუმს, თუმცა ერთობის მანიფესტის ხელმოწერას მას არც არავინ სთხოვს. პირიქით, უთხრეს, რომ პარტიის დამფუძნებელი მხარს ლეგიტიმურ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს უჭერს. ყოფილ თავმჯდომარეს ყოფილმა მეგობრებმა მიხეილ სააკაშვილის ფრაზებიც შეახსენეს.

მანიფესტის ეპილოგში, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის აღიარებას გულისხმობს, ნიკა მელიას თანამოაზრეებმა დავით კეზერაშვილის ხელწერა ამოიკითხეს. ფიქრობენ, რომ დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ არის, რადგან კონკრეტული ჩანაწერი მისსავე სიტყვებს ეწინააღმდეგება - პოლიტსაბჭოდან გარიყულების დაბრუნების საკითხზე. ამას ემატება ისიც, რომ სააკაშვილის გვერდიდან, რამდენიმე დღის წინ, მელიას მხარდამჭერი პოსტი წაიშალა. ყოფილი თავმჯდომარის გუნდში არ აკონკრეტებენ, უცხადებენ თუ არა ბოიკოტს მანიფესტს, თუმცა ამბობენ, რომ პარტიულ პრობლემებს სიმბოლური ინიციატივა ვერ მოაგვარებს.

არის თუ არა მანიფესტის დამოუკიდებელი ავტორი მიხეილ სააკაშვილი?! - შეკითხვას ექსპრეზიდენტის პოზიციების ოფიციალური გამხმოვანებელი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. მელიას გუნდის ეჭვებს სოფო ჯაფარიძე მხოლოდ განსხვავებულ აზრს უწოდებს. მოქმედ მენეჯმენტში კი, დღეს ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ, შერიგების ნაცვლად, ინიციატივა ნიკა მელიას გარიცხვით დასრულდება.

რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობა - ასე ხედავს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", უკვე დიდი ხანია, ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებული ინიციატივას აქვს. დარწმუნებულები არიან, რომ მანიფესტი პარტიაში განხეთქილებას საბოლოოდ გააფორმებს.

ნიკა მელიას დღეს სოციალურ ქსელშიც არაფერი დაუწერია. ბოლო პოსტი თავის ინიციატივას ეხება - ერთობისთვის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ, რომელსაც, მელიას ინფორმაციით, ხელი 40 ათასმა მხარდამჭერმა უკვე მოაწერა.

დღის ამბები