"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის მიერ წარდგენილი მანიფესტი არ ასახავს პარტიაში მყოფი ყველა წევრის პოზიციას. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" საუბრისას განაცხადა.
დოლიძის თქმით, მათ გუნდში მიდის პოზიციების შეჯამება, რის შემდეგაც ინდივიდუალურად გადაწყვეტენ მოაწერენ თუ არა აღნიშნულ მანიფესტს ხელს.
"ახლახან დაიდო მანიფესტი პარტიის გვერდზე, შესაბამისად, რაც ვნახეთ, ცალკე აღებული პუნქტები ცუდი არ არის: ის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით, თუმცა სამწუხაროა, იმაზე, რაზეც ილაპარაკა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა - ადამიანების გარიყვაზე, ახალი მენეჯმენტი აბსოლუტურად გაექცა ამ საკითხს მანიფესტში და ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ისეთი პარტიაა გვინდა, რომელიც ხალხს უსმენს. გახსოვთ, შეთავაზება ჩვენი მხრიდან გავაკეთეთ, რომელიც ორ კვირაზე მეტია გასაჯაროებულია, თუ როგორ შეიძლება თეორიულად მაინც ერთიანობის შენარჩუნება...
როდესაც შეთანხმებაზეა საუბარი, დისკუსიის საგანი ხომ უნდა იყოს ეს შეთანხმება. დღის ბოლოს რაღაც დოკუმენტი დაიდო, სადაც წერია ცალკე აღებული პუნქტები, რომელიც თავიდან ბოლომდე არ ასახავს [არსებულ] რეალობას და როგორ შეიძლება პოლიტიკური საბჭოს ნაწილში ვისაუბროთ, რომ თურმე ყველაფერი ლეგიტიმური იყო, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ძალიან არასწორად მოიქცა ახალი მენეჯმენტი, როდესაც გარიყა ხალხი პოლიტიკური საბჭოდან. არ იძლევა ეს დოკუმენტი შესაძლებლობას, სადაც ყველას პოზიცია შეიძლება იყოს გაერთიანებული. რაც შეეხება ხელს ვაწერთ თუ არ ვაწერთ, ამასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები გუნდისს შიგნით და შემდგომ უკვე, ალბათ, ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას ვინ მოაწერს ხელს და ვინ არ მოაწერს ხელს", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.