25 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"ლელოს" მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტში წარდგენილია - როგორ აფასებენ პროექტს პოლიტიკურ სპექტრში

სავიზო რეგულაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის,რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება, საქართველოში დასაქმების, უძრავი ქონების შეძენის, ტენდერებში მონაწილეობისა და რუსული სანომრე ნიშნით საქართველოში გადაადგილების აკრძალვა - "ლელოს" მიერ შემუშავებული, რეზოლუციის პროექტი პარლამენტში წარდგენილია. სანქციების მოთხოვნის, მთავარ მოტივაციად ოპოზიციური პარტია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ასახელებს.

"ლელოს" ინიციატივა პოპულისტურია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, სადაც ამბობენ, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება ყველზე მძიმე დარტყმას საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას მიაყენებს. უმრავლესობამ დღეს ოპოზიციურ პარტიას შეახსენა ისიც თქვა, რომ საქართველოს საერთაშორისო სანქციების ეფექტური მექანიზმი აქვს და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება არც საერთაშორისო პარტნიორებს მოუთხოვიათ.

"ლელოს" ინიციატივას სრული მხარდაჭერა არც თავად ოპოზიციაში აქვს. "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ეკონომიკურ სანქციებში საფრთხეს ვერ ხედავენ. მამუკა ხაზარაძის მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმება "გირჩი" და "ლელოს" წინადადებას , ქვეყნის დამაზიანებლად თვლის.

"ლელოს" დამფუძნებლების პროექტს ფარისევლურსა და არაპატრიოტულს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" განცხადებით, "ლელოს" ლიდერები თავად არიან რუსული წარსულის და სტილის პოლიტიკოსები. უმრავლესობისთვის მოღალატეობრივია საკუთარი ქვეყნის დამაზიანებელი ინიციატივა,რომელმაც შესაძლოა 150000-ზე მეტ ადამიანს სამსახური დააკარგვინოს.

"ლელოს" რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე მომავალ კვირას დარეგისტრირდება.

დღის ამბები