25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მადლიერების დღესასწაულამდე 2 დღით ადრე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ინდაურები შეიწყალა - ცერემონია პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა

"თავისუფლება" და "ზარი" - ასე ჰქვიათ ინდაურებს, რომლებიც, მადლიერების დღესასწაულამდე 2 დღით ადრე, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიწყალა. ათწლეულების ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა, თუმცა, ღონისძიების ჩატარებისთვის, პრეზიდენტმა წელს, ვარდების ბაღის ნაცვლად, სამხრეთ გაზონი აირჩია. ინდაურების გათავისუფლების ცერემონია პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა. ბაიდენს 81 წელი შეუსრულდა. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როცა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ამ ასაკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

შეწყალების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენი უხერხულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა - საუბრის დროს, ამერიკელი მომღერლების სახელები აერია. ამ ფაქტმა, მოგვიანებით, პრესაში კითხვები გააჩინა - შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ამერიკის მართვას მეორე ვადით?

ინდაურებს, რომლებსაც პრეზიდენტი იწყალებს, სახელებს თეთრი სახლის თანამშრომლები არქმევენ. წელს შეწყალებული ინდაურები მინესოტას შტატიდან არიან. თითოეული 19 კილოგრამზე მეტს იწონის. შეწყალებამდე, ფრინველებმა ღამე თეთრ სახლთან მდებარე "უილიარდის" სასტუმროს ლუქს ნომერში გაატარეს.

მადლიერების დღის სადღესასწაულო სუფრის მთავარი ტრადიციული ატრიბუტი ინდაურია. საზეიმო ვახშმისთვის, რომელიც ყოველწლიურად, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება, შტატების მასშტაბით, 46 მილიონი ინდაური მომზადდება.

ინდაური ამერიკაში ენდემური ფრინველია. სწორედ ამიტომ, პატივისცემის გამოსახატად, აშშ-ის პრეზიდენტი, ყოველწლიურად, ორ ინდაურს იწყალებს. ერთ-ერთი ვერსიით, აბრაამ ლინკოლნი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც, 1863 წელს, ინდაური შეიწყალა, თუმცა, ტრადიციის სახე ცერემონიამ 1947 წელს მიიღო, როდესაც პრეზიდენტ ტრუმენს ინდაურის ეროვნულმა ფედერაციამ ორი ცოცხალი ფრინველი აჩუქა.

დღის ამბები