25 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმე - რატომ შეცვალა ბრალდებულმა ადვოკატი და როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმე - ბრალდებულმა, დუმილი ადვოკატის აცილების მოთხოვნით, სასამართლოზე დაარღვია. პროცესზე, რომელზეც 24 წლის გიორგი გველესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, დაკავებულმა ინტერესების დამცველს უნდობლობა საჯაროდ გამოუცხადა.

ბრალდებულს, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა, შენიშვნაც მისცა და აცილების შუამდგომლობაზე განმარტებები მოსთხოვა. დაკავებულს მიზეზები არ დაუსახელებია.

აცილების შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და, საზოგადოებრივი დამცველის დანიშვნამდე, დროებით შესვენება გამოაცხადა.

სხდომა 2 საათში განახლდა და მხარეები მოსამართლის წინაშე უკვე სიტყვით გამოვიდნენ. ბრალდებულ გველესიანს დანაშაულის ჩადენის მოტივზე დღესაც არაფერი უთქვამს. მისთვის წარდგენილ ბრალზე მოკლე განმარტება მხოლოდ ადვოკატმა გააკეთა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. იურისტმა დაკავებულის დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლემ კი გველესიანი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას გიორგი გველესიანის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. დარბაზიდან გამოსულებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დანაშაულის მოტივსა და კოსტა სანიკიძესთან ბრალდებულის შესაძლო ნაცნობობაზე არაფერი იციან.

დანაშაულის ჩადენის მოტივის დასადგენად, სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. პროკურორის განცხადებით, საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხები. მოპოვებული მტკიცებულებები, ბრალდების მხარის თქმით, მძიმე დანაშაულში გველესიანის ბრალეულობას ადასტურებს.

გიორგი გველესიანი სამართალდამცველებმა 19 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი მომღერალ კოსტა სანიკიძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და, ბასრი საგნით, გულ-მკერდის არეში, ჭრილობები მიაყენა. ფაქტს სანიკიძის დედა შეესწრო - მშობელი შვილის დაცვას თავდამსხმელისგან უშედეგოდ ცდილობდა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ის, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 24 წლის გიორგი გველესიანს, თუ ბრალი დაუმტკიცდა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები