25 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
სამშენებლო ამნისტია - პროექტი 2024 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.

ამნისტიის პროექტი, 2024 წლის 1 იანვრამდე აშენებულ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდება, რომლებიც სამშენებლო ნებართვისა და დოკუმენტაციის გარეშეა აგებული. სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა. მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრმა განმარტა, რომ ამნისტია შეეხებათ იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გარეშე აქვთ აშენებული საცხოვრებელი სახლები, არ მიუმართავთ საჭირო უწყებებისთვის, არ შეუთანხმებიათ სამშენებლო პროექტი და მათი ქონება არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. მფლობელებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების პროცედურის გავლა და ამნისტიის შედეგად მესაკუთრეები გახდებიან.

ამნისტიის პროექტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. ოპოზიცია მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას, დოკუმენტის დეტალურად გაცნობის შემდეგ გეგმავს. მმართველ პარტიაში კი ამნისტიის ჰუმანურ დანიშნულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მისი მიღების საჭიროებაზე საუბრობენ.

ამნისტიის ძალაში შესვლის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი უკანონო მშენებლობების პრობლემის მოგვარებასაც ელოდება. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ინდივიდუალური სახლების კანონიერ მშენებლობასაც შეუწყობს ხელს.

იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ, უკანონოდ აშენდება, საკუთრების უფლება აღარ დარეგისტრირდება და მსგავსი ტიპის შენობა - ნაგებობები, აღარ აისახება საჯარო რეესტრის ამონაწერში.

 

დღის ამბები