"რუსთავი 2-ის" მეგა პროექტის "პრაიმ ჰაუსის" პოპულარული მონაწილე დღეს გონზე მოვიდა.
მსახიობსა და მუსიკოსს, კოსტა სანიკიძეს, გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობა გიორგი გველესიანმა გუშინ გამთენიისას მიაყენა. კლინიკაში გამომძიებლები დღის 3 საათზე მივიდნენ და კოსტა სანიკიძე გამოკითეს.
რა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს, კოსტა სანიკიძე ჯერ არ ამბობს. "პრაიმ ჰაუსის" ყოფილმა მონაწილემ, გონზე მოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი "კურიერთან" გააკეთა. სატელეფონო ინტერვიუში მომღერალმა თავდამსხმელთან ნაცნობობა უარყო და თქვა, რომ მისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივიც უცნობია.
მოტივზე არც თავდამსხმელი საუბრობს. გიორგი გველესიანი, რომელიც სამართალდამცველებმა მომღერლის დაჭრის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. 24 წლის მამაკაცს დღეს ბრალი დაუმძიმეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გრძელდება.
ბრალის დამძიმება 24 წლის მამაკაცისთვის არაერთმა გარემოებამ გამოიწვია. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული გველესიანი, კოსტა სანიკიძეს მისსავე საცხოვრებელ სახლში დაესხა თავს, ფიზიკურად გაუსწორდა და გულმკერდის არეში ბასრი იარაღი რამდენჯერმე დაარტყა. დანაშაულს მომღერლის დედაც შეესწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც სანიკიძეს თავს დაესხნენ, მის დაცვას დედა ცდილობდა. ქალმა დამნაშავის შეჩერება ვერ შეძლო. რა მოხდა 19 ნოემბერს, ამ ეტაპზე დანაშაულის მთავარი მოწმე, მსხვერპლის მშობელი არ საუბრობს.
კლინიკა "ჰელსიკორში" დილიდან იმყოფებოდნენ მომღერლის მეგობრებიც. იხსენებენ 19 ნოემბრის დილას, თუმცა დანაშაულის ჩადენის მოტივზე ვერ საუბრობენ. ისინი ჰყვებიან, რომ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინაც სცადეს, მაშინ თავდამსხმელს სახლი შეეშალა და მეზობლის ბინაში შეიჭრა. ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო.
მთავარ კითხვას პასუხი ბრალდებულმა გიორგი გველესიანმა უნდა გასცეს. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა არ არის გამორიცხული, 24 წლის მამაკაცმა თავდასხმის მიზეზი სასამართლო პროცესზე განმარტოს. სხდომა ხვალ ჩატარდება და მოსამართლე დაკავებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.