25 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მავნებლობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი თემურ ალასანიას განცხადებებს, რომ დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და რწმენით ვერ მოხდება

სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკუთარი ხედვა, ვაშინგტონში შეკრებილ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს გააცნო. შეხვედრაზე, რომლის მოდერატორიც მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე იყო, სააკაშვილის ბიძამ თქვა, რომ დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და რწმენით ვერ მოხდება. საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ წარმომადგენელს, არც ევროკავშირისგან მითითებული დეპოლარიზაციის აუცილებლობა მოსწონს.

საკუთარი ძმის პოზიციები, დღეს პატიმარი ექს-პრეზიდენტის დედამ დაიცვა. გიულის ალასანია ძმის პერსონას დემოკრატიის სინონიმად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის პოლიტიკური გზავნილები, აღიარების მორიგი მაგალითია მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ალასანიას პირით ახლა რეალურად ოპოზიციის დიდი ნაწილი საუბრობს. ომი, ძალადობა და შიდა არეულობა - კობახიძის აზრით, ის მთავარი მიზნებია, რომლის განხორციელებაც ექს-პრეზიდენტს და მის თანაგუნდელებს სურთ.

თემურ ალასანიას პოზიციის დაცვა, დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ღიად ვერ გაბედეს. თქვეს, რომ მშვიდობიან რეინტეგრაციას ემხრობიან. თუმცა, დეოკუპაციის სხვა მეთოდებიც არ გამორიცხეს.

დეოკუპაციის ალასანიასეულ ხედვას, ნაწილობრივ "სტრატეგია აღმაშენებელში" იზიარებენ. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი, ექს-პრეზიდენტის ბიძის ნააზრევს, დღეს მავნებლობა უწოდეს.

პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მავნებლობა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მხარდამჭერების მუდმივი მახასიათებელია - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში თემურ ალასანიას ხედვებს. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ნეგატიური გზავნილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების მდგომარეობას აუარესებს. კანონმდებლების თქმით, ალასანიას წამოცდენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ამ დრომდე აქვს.

საქართველოში სიტუაციის რადიკალიზებასა და ძალადობრივ გზებზე, ეს თემურ ალასანიას პირველი განცხადება არაა. 2018 წელს, უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში ის, სავარაუდოდ, საკუთარ დისშვილს არეულობის აუცილებლობაზე ესაუბრებოდა და ქართველ ერს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. მიხელ სააკაშვილის ბიძას, ამ საკითხზე განმარტებების გაკეთება, 2022 წლის 17 დეკემბერს, მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე უკვე მოუწია.

დღის ამბები