25 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
იქცევა თუ არა 5%-იანი ბარიერი, ბარიერად ოპოზიციისთვის - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 11 თვით ადრე პოლიტიკური სუბიექტები საკუთარ შანსებზე საუბრობენ

იქცევა თუ არა 5%-იანი ბარიერი, ბარიერად ოპოზიციისთვის - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 11 თვით ადრე პოლიტიკური სუბიექტები საკუთარ შანსებზე საუბრობენ. მმართველი გუნდის ოპონენტთა მცირე ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, თუმცა პოლიტიკურ ველზე არიან ისეთებიც, რომლებიც ფსონს მხოლოდ საკუთარ პარტიებზევე დებენ. პატარა პარტიების დიდ ამბიციებს ბოლო კვლევებისა და წინა არჩევნების შედეგებს უპირისპირებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე ოპონენტები ანგარიშზე, მეცხრე მარცხს ჩაიწერენ

პრობლემა საარჩევნო ბარიერია, მისი გადაჭრის გზა კი, "გირჩის" აზრით, ე.წ. პატარა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნოდ გაერთიანება. თავადაც პატარა პარტია ამბობს, რომ სხვასთან გაერთიანება მას არ სჭირდება, მაგრამ ეს სჭირდება თუნდაც "ლელოს". სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შეუერთდეს, რომ ხაზარაძის პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახოს.

"ლელოში" 5 %-იანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის ამბიცია აქვთ. ამბობენ, რომ თანამშრომლობას არ განიხილავენ არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ქართულ ოცნებასთან". დღეს არც ის იციან, უღირთ თუ არა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე დიალოგი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ გაერთიანების გარეშე, მათი და "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, პარლამენტში ვერავინ მოხვდება, ამიტომაც პატარა პარტიებს ამბიციების გადადებას ურჩევენ და საკუთარ პლატფორმას სთავაზობენ.

ერთადაც და ცალ-ცალკეც - "ქართული ოცნება", ორივე სცენარის შემთხვევაში ოპოზიციის მარცხში დარწმუნებულია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ყველა კვლევა მათი ოპონენტების რეიტინგის ვარდნაზე მიუთითებს.

ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა საჯაროდ აცხადებს, რომ საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია და რომ სხვისი დახმარება პარლამენტში მოსახვედრად არ დასჭირდება. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მმართველ გუნდისგან კანონში ცვლილებას და საარჩევნო ბარიერის დაწევას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" კონსტიტუციის ამ მუხლის გადახედვას არ აპირებს.

დღის ამბები