25 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ომის 43-ე დღე ისრაელი-"ჰამასის" ომიდან - ალ-შიფას საავადმყოფოდან დღეს ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა არასრული შემადგენლობით

მოუშუშებელი ტერორიდან 43-ე დღეს ისრაელმა კვლავ არ იცის ნახავს თუ არა "ჰამასის" ტყვეებს ისევ ცოცხლებს, რადგან ბოლო დღეებში მათ შესახებ მხოლოდ უმძიმეს სიახლეებს იგებენ ხოლმე. თელ-ავივიდან იერუსალიმამდე საპროტესტო აქცია დღეს სწორედ იმ მოთხოვნით გაიმართა, რომ მთავრობამ მათ დასახსნელად მეტი უნდა გააკეთოს.

ტყვეების გასათავისუფლებლად "ჰამასზე" ზეწოლის იმედით, ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ანკლავის ბლოკადას, თუმცა საბოლოოდ შტატებმა ნეთანიაჰუ ღაზისთვის საწვავის მიწოდებაზეც დაითანხმა. 140 000 ლიტრი ყოველ 2 დღეში მოსახლეობას ეპიდემიებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებაში, მობილურ ოპერატორებს კი ღაზასთან კონტაქტის აღდგენაში დაეხმარება. თუმცა ამის მიუხედავად, ისრაელის ნომერ პირველი მიზანი უცვლელი რჩება - "ჰამასი" უნდა განადგურდეს.

გრძელდება "ცახალის" ოპერაცია "ალ შიფას" საავადმყოფოსთან, რომლის მიწისქვეშა გვირაბებსაც, ისრაელის მტკიცებით, "ჰამასი" მართვის ცენტრად იყენებს. დღეს საავადმყოფოდან ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა არასრული შემადგენლობით. 120 პაციენტი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება, მათ შორის 30-ზე მეტი ახალშობილი. პარალელურად კი, დაშავებული ბავშვებისა თუ ორსულების პირველი ნაკადი უკვე ჩავიდა აბუ-დაბიში სამკურნალოდ. ეს ის ნაწილია, ვინც ევაკუირება მოასწრო. საემიროები 1000 ასეთი პაციენტის მკურნალობაზე იღებს პასუხისმგებლობას.

ღაზაში ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა, სულ ბოლოს გავრცელდა ცნობა გაეროს სკოლაზე თავდასხმის შესახებ, რომელსაც ღაზის მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა - გავრცელებული ცნობით, ამას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ცახალი" ამბობს, რომ ფაქტს იძიებს. მანამდე კი იყო თავდასხმა ხან-უნისზე, 26 ადამიანი სწორედ საჰაერო იერიშს ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. ღაზა ცხედრებს ვეღარ იტევს. მოსახლეობას სამხრეთისკენ ევაკუაცია გრძელდება.

ისრაელზე ზეწოლა დღითიდღე იზრდება - არაბული სამყარო ისრაელის მიმართ უკიდურესად კრიტიკულია, დასავლური კი ერთის მხრივ ხაზს უსვამს ქვეყნის თავდაცვის უფლებას, მეორეს მხრივ კი იმას, რომ არ შეიძლება ძალადობას ძალადობითვე უპასუხო. ამის შესახებ ჯერ ისრაელში და შემდეგ პალესტინაში მყოფმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მსოფლიო პოლიტიკის მსხვილი მოთამაშეებისთვის მთავარი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა, თუმცა საერთო სურათის დანახვაში მკაფიო განსხვავებებია.

ისრაელში ამბობენ,რომ ომის შემდეგ ჯარისკაცების ანკლავში დატოვებას არ გეგმავენ, თუმცა ღაზის სამოქალაქო ადმინისტრაციებში ცვლილებების აუცილებლობაზე უკვე საუბრობენ, იმის ხაზგასმით, რომ "ჰამასის" მიმართ თანაგრძნობის მქონე პირებს ღაზაში უბრალოდ არ გააჩერებენ. მსოფლიოს დიდი ნაწილი კი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზას პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია უნდა აკონტროლებდეს. ამ აზრს არაბული სამყაროს, ევროკავშირისა და შტატების სრული მხარდაჭერა აქვს.

დღის ამბები