25 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
რუსეთი უკრაინას თავს "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა - სარაკეტო დარტყმის შედეგად ზაპოროჟიეში მაშველები დაიღუპნენ

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. ომის 633-ე დღეს, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევსა და სხვა რეგიონებში. 39-დან 29 ჩამოგდებულია - რუსეთი უკრაინას თავს "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა. ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად კი ორი უკრაინელი მაშველი დაიღუპა. თავდაცვასთან ერთად, ომში მყოფი ქვეყანა კონტრშეტევას განაგრძობს.

გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტთან უკრაინის თავდაცვამ პოზიციების დაკავება მოახერხა. პოზიციებს გარკვეულ ტერიტორიაზე იმყარებს, თუმცა დანაკარგები მაინც მზარდია. რუსეთის ომს უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ბახმუტის მიმართულება – კადრებში, რომელსაც აზოვის მესამე ბრიგადა ავრცელებს, ერთ-ერთი მძიმე შეტაკებაა ასახული. ჯავშანმანქანას, რომლითაც მოიერიშე ჯგუფი რუსი სამხედროების პოზიციებს უახლოვდება, ჭურვი რამდენიმე მეტრით აცდა. მალევე დესანტი მიწაზე გადადის და პირდაპირი კონტაქტი იწყება.

ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად ათეულობით ასეთი შეტაკება ხდება. ბახმუტის გარდა ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა და მარინკა რჩება. პერიოდულად სოციალურ ქსელში უკრაინული წყაროები რუსული ჯავშანტექნიკის განადგურების კადრებს ავრცელებენ.

ამისთვის უკრაინის არმია არტილერიასთან ერთად ე.წ. კამიკაძე დრონებსაც აქტიურად იყენებს.უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე სარაკეტო იერიშები კვლავ რთული გამოწვევაა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. ბოლო 24 საათში უკრაინის ქალაქებისკენ, მათ შორის კიევის მიმართულებით, 38 ირანული "შაჰედი" გაუშვეს.

დანაკარგები ყოველ დღეს ეზრდება უკრაინის მხარესაც. დაღუპულებს შორის არიან ქართველებიც. ამ მხრივ გასული კვირა განსაკუთრებით მძიმე იყო. კიევში წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში თანამებრძოლები და ახლობლები ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ირაკლი ქურციკიძეს უკვე გამოემშვიდობნენ. მას საქართველოში 23 ნოემბერს ჩამოასვენებენ.

ბოლო მსხვერპლი, რომლის დაღუპვის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს 31 წლის ნიკა გელენიძეა. ის ბოლოს ბახმუტის მიმართულებაზე იბძოდა.

ამ ეტაპზე, ომის დასრულების ან მოლაპარაკებების დაწყების ნიშანი კვლავ არ ჩანს. პირიქით როგორც საოკუპაციო ძალა ასევე უკრაინის თავდავის ძალები რესურსების შევსებას და შეიარაღებას ცდილობს. ბოლო განცხადებაში ნატოს გენერალური მდივანი ამბობდა, რომ რუსეთი შეჩერებას არ აპირებს და დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ზელენსკი შტატებთან მირწეულ ახალ შეთანხმებაზე საუბრობს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად როგორც აღმოსავლეთით ასევე სამხრეთის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ბრძოლა შედარებით ინტენსიური გახდა. ომში მყოფი მხარეები კლიმატური პირობების გაუარესებამდე ცდილობენ მაქსიმალურად ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ. ომის პირობებში უკრაინისთვის ეს რიგით მეორე ზამთარი იქნება. რუსეთის საოკუპაციო ძალის უკრაინაში შეჭრიდან უკვე 633 დღე გავიდა.

დღის ამბები