ახლო აღმოსავლეთში ომის 43 დღეს, ვითარება ისევ მძიმეა. გასულ ღამეს სამხრეთ ღაზაში დაბომბვას 26 ადამიანი ემსხვერპლა.
"გაეროს" მონაცემებით, პალესტინაში ინფექციური დაავადებების გავრცელების მაღალი რისკია. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის პირასაა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ათასობით ადამიანი თავს გაუქმებულ საავადმყოფოებს აფარებს.
ისრაელის მთავრობამ, ღარის სექტორში, ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის განკარგულება გასცა - 26 სატვირთო მანქანა საკვებით, სამედიცინო ინვენტარითა და წყლითაა დატვირთული.
შტატებმა შეძლო და ბოლოს მაინც დაითანხმა ისრაელი, რომ ღაზაში საწვავი შევიდეს. სწორედ დღეს, შაბათს არის დაგეგმილი პირველი ტანკერების შესვლა. ანკლავი უკვე დიდი ხანია ბლოკადაში იმყოფებოდა, რამაც, ერთის მხრივ ეპიდემიის, მეორეს მხრივ კი ღაზასთან კონტაქტის დაკარგვა განაპირობა, რადგან რამდენიმე დღეა მობილური ოპერატორები ვეღარ ფუნქციონირებდნენ.
ისრაელი ორ ტანკერზე საუბრობს, თუმცა შტატები ყოველ 48 საათში 140 000 ლიტრ საწვავზე საუბრობს, რამაც ჰუმანიტარული პრობლემები უნდა მოაგვაროს.
ისრაელი პროცესს რამდენიმე მიზეზის გამო აჭიანურებს. ერთის მხრივ იმის იმედით, რომ შეძლებდნენ ტყვეების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზაში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი საწვავი.
საწვავის მცირე რაოდენობაზეა საუბარი, თუმცა ეს დაეხმარება ადამიანებს, რათა ელემენტარული ჰუმანიტარული საჭიროებები დაიკმაყოფილონ.
ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ისრაელი არის მტკიცე და აცხადებს, რომ მანამ, ვიდრე "ჰამასიდან" არ დაინახავენ ნებას და არ გათავისუფლდებიან ტყვეები, მანამდე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აღიარებს, ამ მხრივ საერთაშორისო ზეწოლა მასზე გაზრდილია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი უშიშროების საკითხებში, ტზაჩაი ჰანეგბის განცხადებით, არ აპირებენ უბრძანონ სამხედროებს, ერთი წუთითაც კი შეწყვიტონ პროგრესი და მიზნების მიღწევა.
"ომის მართვის კაბინეტმა უპასუხა აშშ-ის სპეციალურ თხოვნას, რომ უზრუნველვყოთ დღეში 2 ტანკერი ღაზის სექტორისთვის, რაც თავის მხრივ მოხმარდება გაწმენდით სამუშაოებსა და კანალიზაციების მუშაობას. ჩვენ გვსურს თავიდან ავირიდოთ ეპიდემიების გავრცელება, რომელიც შესაძლოა დაემუქროთ როგორც ადგილობრივებს, ისე იქ მებრძოლ ისრაელელ სამხედროებს. კვირების განმავლობაში ვაწყდებოდით საერთაშორისო ზეწოლას ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარულ პაუზის მიზნით, ეს ყველაფერი კი ჩვენი ტყვეების გათავისუფლების გარეშე. პრემიერ-მინისტრმა კი, როგორც ჯო ბაიდენთან, ისე სხვა ლიდერებთან საუბრისას მტკიცედ აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომაც ვიბრძვით უკვე 42-ე დღეა და არ ვაპირებთ ვუბრძანოთ ჩვენს სამხედროებს ,რომ ერთი წუთითაც კი შეწყვიტონ პროგრესი და მიზნების მიღწევა.
მთავარი წესი შემდეგშია - ვიცით, რომ ტყვეების გათავისუფლება შესაძლებელია, მაგრამ არა მანიპულაციური მიზეზებით ან ჰამასის სასარგებლო პირობებით. როდესაც ჩვენი ტყვეების დიდი ნაწილი გათავისუფლდება, მაშინ დავთანხმდებით ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ეს იქნება ხანმოკლე, რადგან ჩვენ გავაგრძელებ ჩვენი საბრძოლო მიზნების მიღწევას," - განაცხადა ტზაჩაი ჰანეგბიმ.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საინტერესო იყო გუშინ თურქეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მიმართ კარგად წარმოაჩენდა სხვადასხვა სახელმწიფოების განწყობებს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, მეზობელ რეგიონში არსებული კონფლიქტის მიმართ გერმანია ვერ იქნება გულგრილი.
"ახლო აღმოსავლეთი დიდი ხანია უდიდესი დაძაბულობის რეგიონად იქცა. ეს ჩვენი მეზობელი რეგიონია და ამიტომ ვერ ვიქნებით გულგრილები იმის მიმართ, თუ იქ რაც ხდება. ბატონო პრეზიდენტო, არაა საიდუმლო, რომ ჩვენ განსხვავებული, ზოგჯერ კი ძალიან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ამიტომაცაა ჩვენი საუბარი ასეთი მნიშვნელოვანი", - განაცხადა ოლაფ შოლციმ.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ისრაელის არაფერი მმართებს და მისი ვალი არ აქვს, ამიტომ, საჭიროა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაც, თუ როგორ შეიძლება იქნას მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
"ჩვენ ისრაელის არაფერი გვმართებს, მისი ვალი არ გვაქვს. თუ ამაშია საქმე, მაშინ ჩვენი საუბრები ასე მარტივი ვერ იქნება. ჩვენ არ გაგვივლია ჰოლოკოსტის ისტორია. საჭიროა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაც, თუ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. რა შეუძლია გააკეთონ თურქეთმა და გერმანიამ. ბატონი შტაინმაიერი აპირებს ისრაელში ჩასვლას და მე მას შეხვედრისას ვთხოვე, ჩაიტანოს მათი სათქმელი, ჩვენ ჩვენსას ჩავიტანთ და ასე ერთად ვცადოთ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.