25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის არ არსებობს" - მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

"არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის ობიექტურად არ არსებობს,"- ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესაფასებლად გააკეთა. 

"პირდაპირ გეუბნებით - არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის ობიექტურად არ არსებობს. რასაკვირველია, ასეთი ფორმით კომუნიკაცია არ არის კარგი. არასწორად არავინ მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, ინფორმაცია მიაწოდეთ სწორად - რა მოხდა, როგორ მოხდა და საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნები. არ არის აუცილებელი თქვენი წინასწარ გამზადებული დასკვნები და მერე იმაზე კომენტარების კეთება,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მის რეპლიკას ანა წითლიძის მხრიდან მოჰყვა რეაქცია - ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.

ინციდენტი პარლამენტში იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. დეპუტატმა თქვა, რომ მინისტრი სიცრუეს ამბობდა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

დღის ამბები