იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს.
ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც სრულ შესაბამისობაში არის ევროკავშირის მოთხოვნებთან.
ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. შესაბამისად, კიდევ უფრო მარტივი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის მგზავრობა და ის მოლოდინის დრო, რომელიც მათ აქვთ საზღვრებზე, კიდევ უფრო მეტად შემცირდება," - აცხადებს რატი ბრეგაძე.